მსოფლიოს დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველგან აქცია ტარდება, რომელშიც აქტიურად არის ჩაბმული მოსახლეობა.
სოფელ ჭანიეთის თემში, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის, სოფლის ხელმძღვანელობის, ადგილობრივ აქტივისტთა მონაწილეობით დასუფთავდა სოფლის ადმინისტრაციული შენობის, სკოლის და საბავშვო ბაღის შემოგრენი, ასევე, საგანგებოდ მოწესრიგდა და დალაგდა შინმოუსვლელთა მემორიალი და სკვერი.
_ ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩავერთეთ ამ აქციაში და მოვაწესრიგეთ სოფლის ცენტრალური ნაწილი. ამ ნაბიჯით საკუთარ ოჯახს ვალაგებთ და ვასუფთავებთ და ამასთანავე ეს არის უდიდესი საქმე ჩვენი დედამიწის გადასარჩენად. სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური ფორმა უნდა შეიძინოს ამ შესანიშნავმა მოძრაობამ. მივესალმები ყველას, ვინც ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქციაში მიიღებს მონაწილეობას, _ გვითხრა ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორმა მალვინა ნინიძემ.