ლეიბორისტები – სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე ბატონ სააკაშვილთან სამკვდროდ-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულები. გაგიკვირდებათ და ამ სამეულს ერთხელ „სპეცჩამოსხმის ბორჯომი“ ერთად დაუჭაშნიკებია. სოსო შატბერაშვილი ამ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.
„როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, „მარკო პოლოში“ აწყობდა სხდომებს.
ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით. სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე – სპეცჩამოსხმის ბორჯომს-მეთქი.
სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა“.