ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია ,,გურია ნიუსთან“ მარიხუანის მანკიერ თვისებებზე საუბრობს.
ვადაჭკორიას განცხადებით, მას სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ ისეთი პაციენტები, რომლებიც მარიხუანის მოხმარების გამო სასწავლო მასალებს ვერ ითვისებენ.
,,არავინ კამათობს, რომ მარიხუანა საზიანოა. ბუნებრივია, ნარკოტიკი იწვევს დამოკიდებულებას და ახლა მიდის დისკუსია, რომელი ნივთიერებაა უფრო სუსტი და ძლიერი.
მარიხუანა იწვევს მოზარდებში მეხსიერების დაქვეითებას, სწავლის უნარის გაუარესებასა და მასალის ათვისების უნარის დაქვეითებას. ჩემთან მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც მასალებს ვერ ითვისებენ, იმიტომ, რომ მარიხუანის მომხმარებლები არიან. ცალსახაა, რომ ის საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის“,_გვითხრა ვადაჭკორიამ.
,,გურია ნიუსმა“ ნარკოლოგს ჰკითხა _ რას ფიქრობს მარიხუანის კულტივირების იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვა პარლამენტმა დროებით შეაჩერა _ ვადაჭკორიას თქმით, აღნიშნული კანონის მიღება იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ წარმოება მკაცრად გაკონტროლდება.
,,რაც შეეხება ამ კანონპროექტს, საერთოდ ეს სფერო ბიზნესის სფეროა და ბევრ ქვეყანაშია განვითარებული. საქმე იმაშია, რამდენად მოხდება წარმოების სწორი მართვა ისე, რომ ის უარყოფითი რისკები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს კულტივირებას, იყოს აღმოფხვრილი, რაც მენეჯმენტის საკითხია. ჩვენს ქვეყანაში რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება მეორე საკითხია“, _ განაცხადა ვადაჭკორიამ.
ნარკოლოგის თქმით, მარიხუანის გამოყენება სამედიცინო წარმოების მხრივ მომხმარებელთა რაოდენობას არ გაზრდის, რადგან გადამუშავებულ პრეპარატს თრობის ეფექტი არ გააჩნია.
,,სამედიცინო მარიხუანა არ იწვევს თრობის ეფექტს, ამიტომ თუ ამ მხრივ მოხდება წარმოება შეუძლებელია მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდოს“, _ გვითხრა ვადაჭკორიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საზოგადოებისა და სასულიერო პირების ნაწილის მწვავე კრიტიკის შემდეგ, მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტის განხილვა დროებით შეაჩერა.