კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტის საკითხი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დავის საგანი გახდა.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კანაფის ექსპორტით ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, თუმცა, საპატრიარქო თვლის, რომ „ოთხი მოსამართლე ოთხი მილიონი ადამიანის ბედს ვერ უნდა წყვეტდეს“ და კანაფის მოყვანა-რეალიზაციის შედეგები მოსახლეობისთვის „მეტად სავალალო“ იქნება.
სასულიერო პირების პროტესტის შედეგად საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გადაავადა.
უნდა დაიწყოს თუ არა საქართველომ კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტი_ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ პოლიტიკური პარტია „თავისუფლების“ თავმჯდომარეს, კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა.
ის მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ საქართველო არ უნდა გახდეს მარიხუანას რესპუბლიკა.
„პოზიცია „არა ყოველგვარ შეზღუდვას და მწვანე შუქი ლეგალიზაციას“ უდავოდ მავნებლობაა. უაღრესად ნეგატიურად ვაფასებ. საქართველო არ უნდა გახდეს მარიხუანას რესპუბლიკა. ამ ყველაფერს პროვოკაციული და მავნებლური სუნი ასდის. კატეგორიული არა ასეთ პროექტებს“,_ამბობს გამსახურდია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანებს ნარკოტიკის მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ თუ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს დაუდასტურდებათ ნარკოტიკის მოხმარება, თანამდებობა უნდა დატოვონ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რამდენიმე თვის წინ კი კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც გააუქმა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ნარკოტიკების, მათ შორის კანაფის რეალიზაცია ერთ-ერთ მძიმე დანაშაულად ითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა.
მთავრობის განცხადებით, კანაფის სამედიცინო თვალსაზრისით კულტივაცია-ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებენ.