თბილისში ძლიერმა ქარმა ხეების წაქცევა და მსუბუქი ავტომობილების დაზიანება გამოიწვია. გარდა ამისა, ხის წაქცევის შედეგად დაზიანებები ერთმა მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი თქმით, უწყებაში ძლიერი ქარის გამო თბილისის სხვადასხვა უბნებიდან 10 შეტყობინება შევიდა.
„დედაქალაქში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება.
ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა.
ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი–ნაძალადევის რაიონიდან, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი.
ხის წაქცევამ 1 ავტომანქანა დააზიანა ისანი – სამგორის რაიონში.
2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია.
ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა –კრწანისისა და ვაკე–საბურთალოს რაიონებში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება“, _ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ქარი დედაქალაქში დღის ბოლომდე იქნება.