ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, ჩანაწერების ავთენტურობა არ დასტურდება.
გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ ჩანაწერებში მონაწილე ერთ-ერთი ფიგურანტის, ლევან ყიფიანის განცხადება, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ლევან ყიფიანის ამ განცხადებას მმართველი პარტიის ნაწილმა ყოველგვარი ფაქტისა თუ დამაჯერებელი არგუმენტის გარეშე ნდობა მალევე გამოუცხადა.
ვინ იტყუება _ სამხარაულის ექპერტიზის ბიურო თუ ლევან ყიფიანი?
საკითხზე ექსპერტი გია ნოდია საუბრობს:
_ სამწუხარო რეალობაა. ექსპერტიზის ბიურო ხელისუფლებას ექვემდებარება და მოსალოდნელი იყო, რომ მისი დასკვნა ეჭვებს გააჩენდა.
ლევან ყიფიანი და ბუნებრივია, ზაზა ოქუაშვილი ადასტურებენ ჩანაწერების ავთენტურობას, ექსპერტიზის ბიურო კი თავდაყირა აყენებს საქმეს.
ხელისუფლების პოზიცია არის ერთი _ რამენაირად ჩაფარცხოს ეს საქმე, თავი დაიძვრინოს სიტუაციიდან, რისთვისაც ექპერტიზის ბიუროს იყენებს.
როგორც ჩანს, ორ ტყუილში გაიხლართნენ.
გასაგებია, რომ ხელისუფლებაში დაბნეულობაა და არ აღიარებენ დაშვებულ შეცდომებს“, _აცხადებს ნოდია.
სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი იმ ჩანაწერის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, რომელშიც ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეში სახელმწიფოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის გამოძალვაზე და ბიზნესის დატერორებაზეა საუბარი.
საქმესთან დაკავშირებით, რა დასკვნას დადებს მთავარი საგამოძიებო ორგანო, ჯერჯერობით, უცნობია.