რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლიტერატურული კონკურსი „ჩვენ ვიცნობთ ანას“, რომელიც „ივლიტას ბიბლიოთეკაში” გაიმართა. კონკურსში ანა კალანდაძის შემოქმედების, სხვადასხვა ასაკის, ჩოხატაურელი და ოზურგეთელი თაყვანისმცემლები მონაწილეობდნენ.
კონკურსი 3 ეტაპად ტესტური სისტემით წარიმართა. საკმაოდ დაძაბული ტურების შემდეგ გამოვლინდა 4 გამარჯვებული.
პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ჟღენტმა დაისაკუთრა; მეორე ადგილი ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარინე ჩხიკვაძეს ხვდა წილად; მესამე და მეოთხე ადგილები გაინაწილეს ხიდისთავის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნოდარ გოგიბერიძემ და სამრევლო სკოლის მეთერთმეტეკლასელმა ელენე ბარამიძემ.
კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ _ დეკანოზი გიორგი ჯიბუტი, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის პედაგოგი ნანა მგალობლიშვილი და მალხაზ ჩხიკვაძე.
მსმენელს საკუთარი შემოქმედება გააცნო კონკურსის მონაწილე ნოდარ გოგიბერიძემ. ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს კონკურსანტთა გულშემატკივრებმაც.
კონკურსს მუსიკალურად აფორმებდნენ ჩოხატაურის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები და ვაჟთა ტრიო, რომლებსაც სკოლის პედაგოგები ქეთევან გიორგაძე და მარინე მამალაძე ხელმძღვანელობდნენ.
დასასრულ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა „ივლიტას ფონდის სახელით“ მადლობა გადაუხადა „გურია ნიუსის“ რედაქციას კონურსის ორგანიზებაში ხელშეწყობისთვის, ასევე, გულშემატკივრებს და კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელები გადასცა. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულებს კი ფულადი საპრიზო თანხა, შესაბამისად _ 400, 300 და 150-150 ლარი გადასცა საჩუქრად.
როგორც მამა გიორგიმ განმარტა, “ივლიტას სახელობის საქველმოქმედო ფონდის” მომდევნო ლიტერატურული კონკურსი 2019 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება და იგი გრიგოლ მეგრელიშვილს და ჭოლა ლომთათიძეს მიეძღვნება.