“როცა დღეს გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე, დარბაზში ნუგზარ ცინცაძე დავინახე, რომელიც „ქართული ოცნების“აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი სახე იყო 2012 წელს და შემდეგ გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა წლების განმავლობაში, მივხვდი, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ის ადგილია, სადაც პატიოსან, არაკორუმპირებულ და ამ ქვეყნის პატრიოტ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკებს გააერთიანებს ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის” _ ეს პოსტი სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ გამოაქვეყნა, რასაც ბევრის დაინტერესება მოჰყვა.
ზოგიერთი იმითაც დაინტერესდა დატოვა თუ არა ცინცაძემ მმართველი პარტია ოფიციალურად და ამიტომ, დეტალები გამგებლის ყოფილ მოადგილესთან გადავამოწმეთ. ნუგზარ ცინცაძის თქმით, ის “ქართული ოცნების” წევრი არასდროს ყოფილა: _ არც არსაიდან გამოვსულვარ და არც არსად შევსულვარ. მე არასდროს ვყოფილვარ ქართული ოცნების წევრი. კი მთხოვეს რამდენჯერმე, მაგრამ პარტიაში არ გავწევრიანებულვარ. არც დღეს შევსულვარ სადმე. შეხვედრაზე მივედი ჩვენი სახელოვანი ადამიანის, პაატა ბურჭულაძის სანახავად, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასევე, ნიკა მაჭუტაძე ვნახე, რომელიც ჩემი ახლობელია, _ გვითხრა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლით მოიხიბლა: _ ძალიან მომეწონა ბატონი გრიგოლის გამოსვლა. ის ძალიან განათლებული და შესანიშნავი დიპლომატია.
_ ანუ გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერთ მხარს…
_ ძალიან მომეწონა გრიგოლ ვაშაძე. ჩამოყალიბებული პიროვნებაა და მასში კარგ ქართველს ვხედავ.
_ სალომე ზურაბიშვილი არ მოგწონთ?
_ მე ვფოქრობ, რომ ამ ქალსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება და უნდა იყოს პრინციპული,_ აღნიშნა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ის ყველა კანდიდატს სცემს პატივს, თუმცა განსაკუთრებით ვაშაძის გამოსვლები მოსწონს:
_ სხვა კანდიდატების შეხვედრებზე არ ვყოფილვარ. მხოლოდ ვაშაძის შეხვედრაზე მივედი, რადგან მისი გამოსვლები ძალიან მომწონს, _ დასძინა ცინცაძემ, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოსტს 2014_2017 წლებში იკავებდა.