მე ვიქნები კულტურის პრეზიდენტი, ჩემთვის კულტურის ყველა დარგი ღირებული იქნება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ტურიზმის ასევე ძლიერი მხარე არის კულტურა. აქ არის ალავერდი. იმდენი ძეგლი და არქეოლოგიური სიმდიდრეა ამ რეგიონში, რომ აღარ ვიცით საიდან დავიწყოთ ჩვენი სიმდიდრის განვითარება, შენარჩუნება, რესტავრაცია.
ყველა კუთხით შეგვიძლია რაღაცის გაკეთება. არსებობს ქვეყნები, სადაც ერთი რამე არის დასაცავი, ერთი ან ორსაუკუნოვანი და ამითი ძალიან ამაყობენ. ჩვენ უკვე დავიბენით და აღარ ვიცით რომელი ერთი არის უფრო ღირებული და რომელს მივხედოთ.
მე ვიქნები ყოველდღიურად ჩართული პრეზიდენტი, ვიქნები კულტურის პრეზიდენტი. არ იქნება დარგი კულტურის, რომელიც არ იქნება ჩემთვის ძალიან ღირებული და თქვენთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ ამ რეგიონში, ზოგადად ქვეყანაში, თუ როგორი პრიორიტეტებით ვიაროთ, რომ ვიცოდეთ რა სტრატეგიას მივყვებით. რომ არ იყოს გაფანტული და არ ვიცოდეთ, რა არის მთავარი და რაში ჩავდოთ მცირე ინვესტიციები, რაც არსებობს კულტურაში. როგორ გავზარდოთ და როგორ შემოვკრიბოთ ყველა ძალა, რომ ის დავიცვათ, რაც არის დასაცავი”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. (R)