ნიკა გვარამიას განცხადება არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე.
ამ განცხადებით კობახიძე ნიკა გვარამიას იმ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ყველას მოუწოდებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები შეავიწროონ.
„ეს ისტერიული განცხადება უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.
ეს არის ხელმოცარული ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნიკა გვარამიას შეიძლება აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს, ხალხისა და ჩვენი თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში”, – განაცხადა კობახიძემ.