გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “ვასმედია” ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო დაიხურა, არ ადასტურებენ გადაცემის ავტორები.
“ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას.
დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც “ვასმედიას” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დაანონსებული გადაცემა ხუთშაბათს ეთერში არ გავიდა.
წინა კვირას კი, გადაცემის წამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა.
ოდიშვილი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 2010-2011 წლებში ტელეკომპანია “მაესტრო” “ნაციონალების” მიერ იმართებოდა.
ვასიკო ოდიშვილმა გადაცემის მაყურებლებს ტელეკომპანია “მაესტროს” წარსული გაახსენა და ირაკლი კობახიძეს “გულმავიწყობის” გამო დასცინა.