“საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ., გადასხმა გამიკეთეს და ბოლოს 104-ლარიანი ქვითარი გამომიწერეს. მაინტრესებს რაში?! თან სოციალურად დაუცველი ვარ და ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამას მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა?! ვისთვის როგორ, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის ძალიან ბევრია. როგორ უნდა ღირდეს გადასხმის გაკეთება 104 ლარი ?!“ _ ამბობს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მცხოვრები გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ლანჩხუთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მას ლანჩხუთის რეფერალურმა საავადმყოფომ დააკისრა არაადაეკვატურია სამკურნალო დაწესებულების მხრიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების, მითუმეტეს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.
„გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლანჩხუთის რეფერალური საავალდმყოფოს ხელმძღვანელს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა.
„ეს პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. სხვათა შორის, თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის ეს პაციენტი ჩვენთან მსგავსი ინტოქსიკაციით და აქედან გამომდინარე, იგი ალკოჰოლდამოკიდებულად ითვლება. კანონის სრული დაცვით მოხდა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კალკულაცია, რამაც, ჯამში, 104 ლარი შეადგინა. ეს პაციენტი არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის სოციალურად დაუცველია, გადასახდელი თანხის ნახევარს ადგილობრივი მერია გადაიხდის,_ გვითხრა თინიკო გოგუაძემ.