დღეს ოზურგეთში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
“რაფრა ხართ გურულებო“ – ასე დაიწყო საუბარი ამომრჩეველთან შალვა ნათელაშვილმა.
“გურიაში, რომ მოდიხარ, რომც არ ტრიალებდეს სიყვარულის სამყაროში, ავტომატურად მოდის ეს დიდი გრძნობა: ზეციდან, ზღვიდან, ხმელეთიდან, ციდან. რაც მთავარია, განუმეორებელი, უნიჭიერესი ხალხი ხართ.
ყველგან ვამბობ და აქაც ვიმეორებ დღეს საქართველოს, ქართულ პოლიტიკას ექვთიმე თაყაიშვილისეული დეფიციტი აქვს. იმ ექვთიმესი, რომელმაც თვალის ჩინივით შემოგვინახა ჩვენი ეროვნული საგანძური, პარიზში მსოფლიოს დიდ გასართობ ცენტრში, მაშინ, როდესაც სხვებმა პარიზის რესტორნებში გაანიავეს და ზოგიერთ კატეგორიის დაწესებულებებში მოაფინეს უხვად აქედან წაღებული ქონება, ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეუღლე მაწონს ადედებდნენ და მას ყიდნენ პარიზში, რომ ეროვნული სიმდიდრე შემოენახათ ჩვენთვის. სწორედ, ჩვენ გვინდა ისეთი პრეზიდენტი და მთავრობა, რომელსაც თვალი და ხელი არ გაეპარება ეროვნული სიმდიდრისაკენ“, _ აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.