მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებული 6 ივლისით დათარიღებული ფარული ჩანაწერი, რომელის ფიგურანტი პირები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე არიან, თავდაყირა აყენებს 11 ოქტომბრით დათარიღებული ფარული ჩანაწერის შინაარსს, რომლის ავთენტურობა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უკვე დაადასტურა.
6 მაისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში ვიქტორ ჯაფარიძე ინტერესდება, მართლა აქვს თუ არა სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ შემონახული კომპრომატები, რაზეც სუბელიანი პასუხობს, რომ არა! „საზოგადოება ხომ დაიჯერებს?“_ აღნიშნავს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი.
_ თუ 6 ივლისით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანი უარყოფს ხელისუფლების წინააღმდეგ რაიმე კომპრომატის არსებობს, გაურკვეველია, რატომ ამტკიცებს საპირისპიროს 11 ოქტომბრით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში _ საკითხზე ,,გურია ნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობს.
_ ბატონო ვიქტორ, მივყვეთ ქრონოლოგიურად, 6 ივლისს გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები არ გააჩნია.
11 ოქტომბრით დათარიღებულ ფარულ ჩანაწერში კი ხელისუფლებას პირდაპირ ფაქტების გასაჯაროვებით ემუქრება.
რატომ იკვეთება ორ ფარულ ჩანაწერში სუბელიანის ურთიერთსაპირისპირო პოზიცია? ან თქვენ 6 ივლისის შემდეგ, რა ფაქტების გასაჯაროვებით იმუქრებოდა სუბელიანი კითხვა აღარ გაგიჩნდათ?
_ ხომ არის რაღაც, რაზეც თქვენც არ გიჩნდებათ კითხვები?! არ მიჩნდებოდა შეკითხვა. ვთვლი, მაქვს უფლება, რომ მივიღო კონფიდენციალური ინფორმაცია და არ გავამხილო.
მეორეც, გეუბნებით, რომ სისულელეს მელაპარაკებოდა და რა დამეჯერებინა?!
კიდევ შევალ, კიდევ ჩაწერონ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. მე ვიცი, რომ მართალი ვარ კანონის წინაშე. აწი ვისაც რა უნდა ის ჩაწეროს და იკითხოს.
რამდენჯერაც მეტყვის არა მარტო მირზა სუბელიანი, არამედ სხვა პატიმარიც იმდენჯერ მივალ. კიდევ რომ დამირეკოს და მითხრას, შემოდი, ცუდად ვარო, კიდევ შევალ. თუ ვინმეს ჩაწერა უნდა, კიდევ ჩაიწერონ.
მოვალე ვარ კონსტიტუციით, როცა პატიმარი ითხოვს ჩემთან შეხვედრას, მივიდე და შევხვდე“ ,_გვითხრა ჯაფარიძემ.
მთავარ კითხვაზე, რატომ ეწინააღმდეგება ორი ფარული ჩანაწერის შინაარსი ერთი მეორეს? _ განმარტება მთავარ პროკურატურას, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.