სკანდალურ ჩანაწერებზე, რომელიც გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გაკეთებული, მმართველ პარტიაში საუბრობენ.
როგორც ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე აცხადებს, საგამოძიებო ორგანოსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული შეკითხვების მიუხედავად, მას საქმის ობიექტურად გამოძიებაში ეჭვი არ ეპარება.
_ მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და მიმაჩნია, რომ ვცხოვრობ სახელმწიფოში. თუ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვენდობოდეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არის საგამოძიებო ორგანო. როდესაც დამთავრდება გამოძიება, მის სამართლიანობაში ეჭვი არ შემეპარება“, _ აღნიშნავს არველაძე.
,,გურია ნიუსის“ კითხვაზე _ იმყოფებიან თუ არა დღესაც ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები? _ არველაძე გვპასუხობს, რომ, შესაძლოა, იმყოფებოდნენ.
_ ალბათ, არიან. დღესაც არიან პარლამენტში ისეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას. პრაქტიკულად, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ განცხადებებს აკეთებს.
სწორედ, ეს ხელის შეშლა იყო იმის მიზეზი, რომ ახალმა ხელისუფლებამ ექვსი წლის განმავლობაში დაპირებათა ნაწილის შესრულება ვერ შეძლო.
თუ ასე გაგრძელდა, როგორც ახლა მიდის საქმე, ეს ქვეყნისთვის არ მოიტანს ისეთ შედეგებს, როგორიც გვინდა.
რა თქმა უნდა, ქვეყანა ვითარდება, მაგრამ იმაზე უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე შესაძლებელი იყო, რომ განვითარებულიყო.
არიან ადამიანები, რომელებმაც დაინახეს წინა ხელისუფლების უარყოფითი მხარეები, გაემიჯნენ მას და გადმოვიდნენ ,,ქართულ ოცნებაში“, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მმართველ პარტიას მიეტმასნენ, მათი ქმედებები, მხოლოდ და მხოლოდ, უარყოფითია“, _ აღნიშნა არველაძემ.