შვილმკვდარი მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან აქცია პერფორმანსს „ნუ გვაბოლებ“ მართავენ.
როგორც ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ განაცხადა, მირზა სუბელიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს და მათი შვილების თემა დაჩრდილოს.
„ნუ გვაბოლებ ჰქვია აქცია პერფორმანსს, რომ გვაბოლებენ ესენი აქედან. ხან ეს მოიფიქრეს, ხან ის მოიფიქრეს. ახლა ის მოიფიქრეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადაო. კაი რა, სისულელეა. ნეტა ვის სჯერავს. დაბეგვეს კარგად და მერე თქვეს, რომ თავის მოკვლა სცადა? თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა ფეხებზე და ხელებზე რატომ ჰქონდა სილურჯეები, სიწითლეები. ამით ცდილობენ ჩემი შვილის თემა გადაფარონ და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის თემა ხომ უნდა გადაფარონ და გადაფარონ. ცდილობენ, რომ საზოგადოების აზრი გადავიდეს მირზა სუბელიანისკენ და ჩვენი საქმეები მიაფუჩეჩონ? ვაი, ამათ პატრონს. ზუსტად მაგისთვის ვარ მოსული, რომ შევახსენო თავი, რომ არ დავბოლდებით ჩვენ და ვერ დაგვაბოლებენ და ვერ მოგვატყუებენ“,_განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე ასევე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე დაპირებულ სიტყვას არ ასრულებს.
„როცა თადუმაძე დაინიშნა და შევხვდი მაშინ თქვა კაცურ სიტყვას გაძლევო, რომ პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმესო და ერთ-ორ კვირაში შეგეხმიანები, დავჯდეთ, ვისაუბროთო, მაგრამ რამდენი ხანი გავიდა და არავინ შემხმიანებია. არ აქვს სათქმელი რა უნდა მითხრას? სუბელიანის გამო არ ვიჭერ შენი შვილის მკვლელებსო? ეს უნდა მითხრას? ესენი მართლა ჩინური პატენტები არიან. აბა რა არიან? ესენი ადამიანები არ არიან. თუ კიდევ ნამუსი შერჩენიათ უნდა მოვიდნენ აზრზე, მით უმეტეს, ახალი დანიშნული ბრძანდება და იმ სიტყვასაც კი არ ასრულებს, რა სიტყვაც თქვა“,_ამბობს სარალიძე.