გორდონ რამზი
ცნობილი კულინარიული პროგრამების ავტორი და წამყვანი, სატელევიზიო კარიერის მიღმა, ინგლისში 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია, სამშობლოს გარეთ კი 12 რესტორანს ფლობს. გორდონის პირველმა რესტორანმა 3 მიშლენის ვარსკვლავი გახსნიდან სამი წლის შემდეგ მოიპოვა.
ცნობილ მზარეულს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნამდვილი ბესტსელერები გახდნენ.
ალენ დიუკასი
ალენმა კარიერული გზა ბორდოს ერთ-ერთი სასტუმროს სამზარეულოს დამხმარედან მთავარ შეფ-მზარეულობამდე გაიარა. ის არამხოლოდ პროვანსული სამზარეულოს ნამდვილი სპეციალისტი, არამედ წარმატებული რესტორატორია. მისი ბარები ისეთ ქალაქებში მდებარეობს როგორებიცაა: ტოკიო, მონაკო, პარიზი, ნიუ-იორკი, ბეირუთი და სხვ. სწორედ ამ გენიალური მზარეულის დახმარებით, სამზარეულოს ხელოვნება ბოჰემურობას გასცდა და უფრო მარტივი და ხალხისთვის გასაგები გახდა.
ალენ დიუკასის ფილოსოფია მდგომარეობს შემოქმედებითობაში, რომელიც ტრადიციებზეა დამყარებული. დღეისათვის ის უმაღლესი ფრანგული ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.
ჯეიმი ოლივერი
ეს ბრიტანელი რესტორატორი, შეფ-მზარეული და შოუმენი ცნობილია ზედმეტსახელით „შიშველი მზარეული“. სწორედ ამ სახელით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და წიგნი გემრიელი კვების შესახებ. ჯეიმი ჯანსაღი კვების მიმართულებით ნამდვილი მებრძოლია.
წიგნები, პროგრამები, სხვადასხვა ქვეყნებში გამოსვლები – ჯეიმის ჯანსაღი კვების ფილოსოფიის პროპაგანდაში დიდი წვლილი მიუძღვის. გადაცემები, რომლებსაც ეს მზარეული უძღვება, პლანეტის 40-ზე მეტ ქვეყანაში ითარგმნება.
ჰესტონ ბლიუმენტალი
ჰესტონი მოლეკულური გასტრონომიის მიმართ სიყვარულით გახდა ცნობილი. მის საფირმო კერძებს შორისაა მტრედის მკერდი, ნაყინი ბეკონითა და კვერცხით, ლავანდას ჟელე, ლოკოკინის ფაფა და აშ.
ბლიუმენტალმა არხ Discovery-სთვის პროგრამების ციკლი ჩაწერა, სადაც კულინარიის შესახებ მოგვითხრობს, დაწერა ბესტსელერი „კულინარიის მეცნიერება“ და შეფ-მზარეულის რანგში მსოფლიოს გაოცებას აქტიურად აგრძელებს.
ვოლფგანგ პაკი
შეფ-მზარეული ავსტრიული ფესვებით, რეცეპტების მიმართ არასტანდარტული ხედვის წყალობით გახდა პოპულარული. მას აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში 20-ზე მეტი რესტორანი ეკუთვნის და რამდენიმე კულინარიულ ბრენდს ფლობს. პაკის ორიგინალური სენდვიჩები მსოფლიოს ყველა დიდ აეროპორტში იყიდება.
აღიარება წიგნმა მოუტანა, რომელიც ფრანგულ და ამერიკულ კულინარიას მიუძღვნა. დღეს ეს შეფ-მზარეული კინოპრემიერებზე და მოდის კვირეულებზე გრანდიოზულ ვახშმებს აწყობს. სწორედ ის აგებს პასუხს იმ საკვებზე, რომელსაც „ოსკარის“ დაჯილდოების შემდეგ სტუმრებს მიართმევენ.