გახსოვთ სურათი “არასერიოზული კაცი”. გია ფერაძე მის მიერ განსახიერებულ გმირს ძალიან წააგავდა. ეს წუთისოფელი ისე გაასრულა, რომ მის შესახებ აუგი არავის წამოსცდენია. ბატონი გია იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭითაც დაჯილდოებული ბრძანდებოდა და ამ სიტყვების სიმართლეში ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევითაც დარწმუნდებით.
გიას ახლობელი მეგობრები იყვნენ თამაზ სეფერთელაძე, დათო აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე – „ცისფერი ტრიოს“ მომღერალი ბიჭები. როდესაც ისინი პირველად მიემგზავრებოდნენ გერმანიაში გასტროლებზე, უცხოეთში ბევრჯერ ნამყოფ, გამოცდილ მეგობარს, გიას მიადგნენ რჩევა-დარიგებისთვის.
გიამ, რასაკვირველია „ჭკუა დაარიგა“ და სერიოზული სახით ურჩია, გასაყიდად წაეღოთ ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა და ხაზი გაუსვა, „ლაგოდეხის“, რადგანაც იქ ამ პროდუქტს რეკლამას უკეთებენ და მასზე დიდი მოთხოვნილებააო. დაუჯერეს და წაიღეს ბლომად ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა, რომელიც, რასაკვირველია, ხელში შერჩათ და იძულებული იყვნენ, ნაწილი სასტუმროში დაერიგებინათ გემრიელი სუვენირების სახით, ნაწილი კი თავად მიეყოლებინათ ჩაიზე. თითოეული ტკბილი კაკლის ჭამისას, სიმწრით აყოლებდნენ გიას მისამართით – ოხ, ფერაძე, შენი!…