ჯგუფი „ოთხი გია“ საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბოლო წლების განმავლობაში მომღერლები დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებიან და ძირითად ძალ-ღონეს საკუთარ პროფესიას – ექიმობას უთმობენ. ქვემოთ მოყვანილი ისტორია იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ოთხი გიას“ წევრები აქტიურ მუსიკალურ-საექიმო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ჯგუფისწევრი, ბატონი გია ნაცვლიშვილი ამ „ისტორიას“ შემდეგნაირად იხსენებს.
„გადაება ერთმანეთს „ოთხი გიას“ გასტროლები, გასვლები ქალაქგარეთ, შეხვედრები და ერთი სიტყვით, გადავიღალეთ ბიჭები. ერთ დღესაც, კონცერტი ჩავატარეთ, გადაღლილები ვზივართ ოთხივე გია და, გადაგვეკიდა ანზორ შონია, სუფრა გაშლილია და აქედან არსად გაგიშვებთ, მე უნდა გამომყვეთო. ვთხოვეთ, ვერ წამოვალთ, დაღლილები ვართ, დასვენება გვინდა, სხვა დროს იყოსო.
გადაირია: რა სხვა დროს, ჩემი ძმისშვილის ქორწილია, იქ რომ არ წამოხვიდეთ, ძალიან მეწყინება. თან, თქვენი დაღლის გამო ქორწილს ხომ არ გადავდებო. მოკლედ, სხვა გზა აღარ იყო და წავყევით. მაგრამ, ვთხოვეთ, დალევას ნუ დაგვაძალებთო. დაგვეთანხმა, კარგი ბიჭებოო. დავსხედით სუფრასთან, მაგარი პურმარილია, უნდა დავიწყოთ ჭამა, უცბად თამადა წამოდგა და თქვა: ალავერდს გია ღარიშვილთან ვარო. თან კახური ღვინო იყო, ჩაასხა ბოთლში თამადამ სასმელი და გიას გადმოაწოდა. რაღას იზამდა, წამოდგა ფეხზე და გადმოგვილაპარაკა ბიჭებს, ხომ დაღლილი ვარ, ხომ არ მინდოდა დალევა, მაგრამ, ნახეთ, ამას რას ვუზამო.
გაგვიკვირდა, ახლა ამან ასეთ გამოცდილ და თან მეგრელ თამადას რა უნდა უქნასო. თამადამ, რომ დაარტყა კარგა გვარიანი „რეჩი“ და უნდა მოიყუდოს ბოთლი, გიამ შეაჩერა და უთხრა: ბატონო თამადავ, მაპატიეთ, მაგრამ ბოთლიდან ღვინო ასე არ ისმევა, მას განსხვავებული წესით მივირთმევთ ქართველებიო. თამადა შეცბა, ეგ არ ვიცი, აბა, მაჩვენე როგორო. გიამაც დააღო პირი და შორიდან ჩაისხა ბოთლით ღვინო. ეტყობა, ასეთ რამეში ეს მეგრელი თამადა გამოუცდელი იყო, თუმცა იხტიბარი არ უნდოდა გაეტეხა, ასწია ბოთლი და შორიდან დაუშვა ღვინო. ვერც დაუმიზნა პირს, გაიწუწა, საშინელ დღეში ჩავარდა, მაგრამ არ შეიმჩნია. მეორე სადღეგრძელო უნდა თქვას, წამოდგა, აიღო ჭიქა ხელში და გიაც წამოხტა: ბატონო თამადავ, იქნებ მეორე სადღეგრძელოც ბოთლით დაგველია და მერე გადავიდეთ ჭიქებზეო. თამადა შეცბა, უარი ვეღარ თქვა, მოიყუდა ბოთლი და… გადავარდა.
ისე უჩუმრად გაიტანეს ის თამადა სუფრიდან, იმის მერე მთელი ქეიფის განმავლობაში თვალი აღარ მოგვიკრავს. მერე ხუმრობდა გია, კაცო, მე ის კი არ ვუთხარი, ღვინო ყურით, ცხვირით და პირით ერთნაირად დალიე, რომ დაუშვა და შეისრუტა ყველა ორგანოთი, აბა, რა ეგონა, მაგ მამაცხონებულსო“.