საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელშიც თითქოს სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე ესაუბრება ფაბრიკაციას უწოდებს:
“ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას.
შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს.
ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა.
მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს, ტელეფონით.
და მეორე _ ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“, _ წერს ალასანია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ვებგვერდზე, რომელსაც უკრანული დომენი აქვს, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, თემურ ალასანიას სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „რედაქციას“ სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძამისის, „კაგებეს გადამდგარი გენერლის“ თემურ ალასანიას „სატელეფონო საუბრის“ ჩანაწერი.
„საუბრის დროს თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით ლაპარაკობს მთელ ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს“, – წერია ვებგვერდზე.
აუდიჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის ლაპარაკია საქართველოში არჩევნების წინ მობილიზებაზე. ეს საუბარი ქართულ მედიაში თავდაპირველად imedinews.ge_მ გაავრცელა.
იხილეთ: “ესაა დედამო… ერი, ამათ სანამ დედას არ მოუტ… ვერ იგებენ ვერაფერს”