ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის 50 ლარით დაჯარიმდა.
ინფორმაციისთვის, მჟავანაძემ 15 ოქტომბერს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გააპროტესტა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და ასფალტზე გააკეთა წარწერა _ “41 ალი ბიძინა, 40 ყაჩაღი“.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დავით მჟავანაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეუდგინა და საქმე სასამართლოს გადასცა.
“კანონით, რის მიხედვითაც იხელმძღვანელა მოსამართლემ, წერია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე, მისი მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ შორის საავტომობილო გზებზე არ უნდა მოხდეს დამახინჯება. მინდა ვთქვა, რომ იმ ადგილას, სადაც აღნიშნული წარწერა გავაკეთე, 10 კილომეტრის რადიუსში არცერთი ადმინისტრაციული შენობა არ არის და ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. აქედან გამომდინარე, რაც 2012 წლიდან ვიძახი, რომ ხელისუფლება რეალურად ბიძინა ივანიშვილია და მისი რეზიდენციიდან იმართება ქვეყანა, გამოდის, რომ ასე იყო და ეს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კარგად ჩანს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.