“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე გიგაურის სამოქალაქო სექტორიდან გასვლის შესახებ საუბრობს.
როგორც გიგაური სოციალურ ქსელში წერს, ურჩევს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, რომ შეეშვას არასამთავრობო სექტორს, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება.
“ივანიშვილის ინტერვიუებს, როგორც წესი, არ ვუსმენ ნაკლებად მაინტერესებს მისი მოსაზრება ჩემთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ კვლავ მახსენა სასამართლოზე არ დადისო და 7 ნოემბერი მისი დარბეულიაო. მოკლოდ იჭორავა! კიდევ ერთხელ განვმარტავ _ მე ვიჩივლე მურუსიძის სასამართლოში ცილისწამებისთვის ივანიშვილის მიერ მართული პირების წინააღმდეგ. მათ კომპენსაციის სახით 30 თეთრს ვთხოვ და იმ ფაქტების უარყოფას, რაც გააჟღერეს ჩემთან მიმართებაში. მე ჩემი ადვოკატის მეშვეობით არასოდეს გამიცდენია სასამართლოს პროცესი, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, სტრასბურგშიც რომ დამჭირდეს საჩივრის შეტანა. ამ სასამართლო პროცესზე მე თავის სამართლებელი არაფერი მაქვს. თავი უნდა იმართლონ ცილისმწამებლებმა. მოკლედ სად წავალ, რას გავაკეთებ და რას ვიტყვი ეს ივანიშვილის საქმე არ არის და არც არასოდეს იქნება. ვურჩევდი, რომ მსგავს რიტორიკას შეეშვას, რადგანაც ასეთი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორის მიმართ პირველ რიგში ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. უკვე ყველაფერი ნათელია, ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა და ახლა ზუსტად ვიცი ჩემზე თავდასხმების უკან ვინც დგას”, _ წერს გიგაური.