მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის აპირებს კანდიდატურის მოხსნას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვაშაძეს და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს და მეორე ტურისთვის მზად არის.
„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე და მხარი დამიჭირა, ხმა მომცა, ყველას, ვინც ბოლო სამი თვე ასე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, ეს ადვილი არ იყო… „ოცნებას“, „ოცნების“ აქტივისტებს, ჩემი შტაბის წევრებს და უბრალო ადამიანებს, რომლებიც თავისი ინიციატივით ჩაერთნენ ამ კამპანიაში და იყვნენ ჩვენი გულწრფელი დამცველები. ყველა ამ ადამიანის გამარჯვება არის ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი – ეს არის გამარჯვება.
ყველაფრის მიუხედავად – ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას… ამის მიუხედავად – პირველი ადგილი პირველ ტურში.
„რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა… და რა?.. – ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?.. და რა?.. – მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? – არა!. მგონი არ მიცნობენ – კახელიც ვარ და მეგრელიც: ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის – იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის – როგორი გვინდა საქართველო და ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი, მივდივარ ბრძოლაში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.