ერთხელ, „თბილისობის“ აღსანიშნავად, ბათუმში სუფრა გაიშალა. ამ სუფრაზე მიპატიჟებული იყო, თითქმის ყველა გამოჩენილი და ცნობილი ადამიანი. იქ იყო ასლან აბაშიძეც. მოკლედ, თამადამ ყველა ადღეგრძელა და თემიკო ჩირგაძე რომ ახსენა, ჩოჩქოლი ატყდა.
თურმე ასლანს დაურეკეს, სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, ადგა და წასვლას აპირებდა. მისი დაცვაც წამოიშალა. უცებ, წამოდგა თემიკო და ასლანს მიმართა: ბატონო ასლან, ერთ წუთს შეგაყოვნებთ, თუ შეიძლებაო. გაჩერდა ასლანი. თემიკომ დაიწყო: ბატონო ასლან, ახლა მე ავდგები, წავალ თბილისში, მივალ სახლში, იქ მკითხავენ, იყავი ბათუმშიო, მე ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: იყო კონცერტიო, ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: იყო ბანკეტიო, მე ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: თქვეს შენი სადღეგრძელოო, ვუპასუხებ – დიახ. მკითხავენ: შესვა ასლანმა შენი სადღეგრძელოო, მე ვუპასუხებ – არა-მეთქი.
მოტრიალდა ასლანი, დაჯდა თავის ადგილას, აწია ჭიქა და დალოცა თემიკო. მერე ქართველი მსახიობები თემურს დიდი ხნის განმავლობაში ეხუმრებოდნენ: როგორ დააბი, ბიჭო, ის ლომი-კაცი უჯაჭვოდ, ისე ჩაუვარდა ხმა, მთელი სუფრის ბოლომდე, გასუსული იჯდაო.