პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „გურია ნიუსთან“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მარცხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას ნიშნავს.
ძაბირაძე მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს შანსი წინასაარჩევნო კამპანია სწორად დაგეგმოს, თუმცა არაეფექტური პიარკამპანიის პონზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებასაც გულისხმობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროცესები მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემობრუნდეს.
„თუ „ქართული ოცნება“ მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს და საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებს, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხება გარდაუვალია.
დღეს „ქართულ ოცნებას“ სწორად მოქმედებისთვის გარკვეული შანსები კვლავ რჩება. ივანიშვილს ბოლო განცხადება, რომელშიც ამბობს, მოდით, მხარი დამიჭირეთ და ერთ წელში ყველაფერს მოგიგვარებთო, არჩევნებამდე უნდა გაეკეთებინა, რადგან ახლა დაგვიანებულია.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოსავლის ძიება დაიწყო. სამწუხაროდ, ამის შემდეგ დაიწყეს პიარკამპანიის კეთება, რაც ხელისუფლებისთვის დიდი სიკეთის მომტანი არ არის.
დღეს “ქართულმა ოცნებამ“ კი არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რა იქნება მეორე ტურში, არამედ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს არჩევნების შემდეგ, რაზეც საერთოდ არ ამახვილებენ ყურადღებას“, _ აღნიშნა ძაბირაძემ.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,64% მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74%; ხოლო დავით ბაქრაძემ _ თითქმის 10.97%, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.