საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ქონება თანამდებობის დატოვების შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა. ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი მთავარი პროკურორობის პერიოდში 2 უძრავ ქონებას ფლობდა, 2018 წელში კი 24 უძრავი ქონების მეპატრონეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაასაჯაროვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაშია:
ტაბახმელაში, სოფელი წავკისში, 4089 კვ.მ საერთო ფართობის 4 მიწის ნაკვეთი, 1509 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში, 77,5 კვ.მ მშენებარე ბინა თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, 38 კვ.მ ფართი კოსტავას ქუჩაზე, ამავე ქუჩაზე 90 კვ.მ ფართი, 101 კვ.მ კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 204 კვ.მ კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე, 130 კვ.მ ფართი მშენებარე ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, 143 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 33 კვ.მ კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე, 26 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში, 25 კვ.მ ბინა „დიდველი“ ბაკურიანში.
ოთარ ფარცხალაძის მეუღლე ეკატერინე ჩხიკვიშვილი ფლობს შემდეგ ქონებას: 59 კვ.მ ფართი ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე.
ყოფილი მეუღლის ქონებაში კი შედის, 40.2 კვ.მ ბინა თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, 16, 20 კვ.მ ავტოსადგომი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 61.70 კვ.მ მშენებარე ფართი ალ. ყაზბეგის გამზირზე, 44.12 კვ.მ ფართობი ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 15 კვ.მ ავტოფარეხი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე.
ოთარ ფარცხალაძის შვილის, ანდრია ანზორ ფარცხალაძის საკუთრებაშია:
38 კვ.მ ფართი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, 417 კვ.მ მიწა ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 119 კვ.მ ფართი ბაკურიანში, კობა წაქაძის ქუჩაზე, 93 კვ.მ ბინა თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე.
ორგანიზაციამ ოთარ ფარცხალაძის ბიზნეს–საქმიანობასთან და შემოსავლებთან დაკავშირებითაც გაასაჯაროვა ინფორმაცია:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა_საქართველოს“ ინფორმაციით, 2015 წლის 18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძემ 50 ლარად შპს“როიალ დეველოპმენტის” 40% წილი იყიდა. 2016 წლის 29 ივნისს აღნიშნულ ფასად ნაყიდი წილი 155 000$-ად გაყიდა.
ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2014-2016 წლებში შპს მიტერას 100% წილი 2500 ლარად იყიდეს, 2016 წლის აგვისტოში კი 65 000 ლარად გაასხვისეს.
ყოფილმა პროკურორმა 2016 წლის 29 ივნისს შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% 235 000$-ად იყიდა.
ოთარ ფარცხალაძის ოჯახის წევრებთან ოთხი კომპანიაა დაკავშირებული: შპს „ეკო გრუპი“, რომლის 50-50%-იან წილებს ოთარ ფარცხალაძის მეუღლე, ეკატერინე ჩხიკვიშვილი და ოთარ ფარცხალაძის ვაჟი, ანზორ ფარცხალაძე ინაწილებენ. გარდა ამისა, ისინი ფლობენ რესტორან „წინანდალის“ 49%-ს, კლუბ „ სავანეს“ 49%-სა და შპს „ჰექსას“ 20%-იან წილებს.