როგორც „გურია ნიუსს“ ატყობინებენ, 12 ნოემბრიდან, ოზურგეთი-ასკანის სამარშრუტო ავტობუსით მგზავრობის ფასი ორი ლარი იქნება.
_ ქალაქში ჩამოსვლა რომ დაგჭირდეს, ოთხი ლარი მარტო ამისთვის გინდა. სხვა არაფერი გჭირდება? ეს საწვავის ფასის გამო ხდებაო და ბარემ ამოგვხადონ სული, _ გვითხრეს ასკანის მგზავრებმა.
სოფელ ასკანის მკვიდრი, რევაზ ცქვიტინიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების ნება უნდა იყოს, ფასების ზრდა კი არა, კლება.
„კატასტროფულად რომ იზრდება საწვავის ფასი, თან საარჩევნოდ, ესაა მთავრობის დახმარება“? _ ამბობს ის.
სს „ ტრანსსერვისის“ დირექტორი, შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მგზავრობის საფასური მოიმატებს.
_ მგზავრობის ფასის ზრდა ნამდვილად მოხდება, ალბათ, ორშაბათიდან. ჩვენთან წინადადებით შემოვიდნენ სოფელ ასკანის მძღოლები. ესენი ინდმეწარმეები არიან, ტრანსპორტი კერძოა, ჩვენ ვემსახურებით ავტოსადგურით. მეტი რა გზაა, უნდა დავეთანხმოთ. საწვავი გაძვირდა, რეალობასთან თანხვედრაშია ეს მოთხოვნა.
_ გამოდის, რომ სხვა სოფლების მძღოლებიც მოითხოვენ მგზავრობის ფასის მომატებას.
_შესაძლოა. თუმცა ასკანაში, მგზავრობის ფასი თავიდან შედარებით უფრო დაბალი იყო ვიდრე სხვა სოფლებში. აქ 20-კილომეტრიანი მონაკვეთია და 1,50 თეთრია მგზავრობის ღირებულება, ორშაბათიდან კი 2 ლარი იქნება, _ გვითხრა ორაგველიძემ.