„2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება. მინდა შეგახსენოთ, რომ 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 14 000 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, ეს არის დაახლოებით 2900 ადამიანი“,_აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი წლიდან ხელფასის ზრდა სხვა დანაყოფებისთვისაც, მათ შორის, სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვისაც იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის შესახებ.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 2007 წელს სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები 2020 წლისთვის ბოლომდე შესრულდება.
„სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ასევე სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფა, რისი განხორციელებაც სწორედ 2013 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. დღემდე 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა, დარჩენილი 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ცენტრალური და თავდაცვის უწყებების ბიუჯეტებიდან თანხების მობილიზება. 2020 წლისთვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებებულებების სრულად შესრულებას. ბინების გადაცემა მოხდება სამ ეტაპად და 2020 წლისთვის დასრულდება“, _ განაცხადა ბახტაძემ.