ძალადობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ., 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ. არიან.
მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს.