პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „გურია ნიუსთან“ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახლი პოლიტიკური ცენტრის გარშემო გაერთიანდება, სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილია.
_ აუცილებელია ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. დღეს მთელი ქართული საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი ორ მოთამაშე პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ამომრჩევლებს აიძულებენ, ხმა მათ სასარგებლოდ დააფიქსირონ.
რადგან ასეთი სახელმწიფოებრივი აუცილებლობა არსებობს, მე ყველანაირად მივეხმარები ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნას. ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგას, არის ალეკო ელისაშვილი.
_ გარდა ალეკო ელისაშვილისა, ვინ გაერთიანდება ახალი პოლიტიკური ცენტრის გარშემო?
_ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, სახელებისა და გვარების დასახელებისთვის არ ვარ მზად.
პოლიტოლოგი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში დაანონსებულ რევოლუციასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წევრების განცხადებასაც აფასებს:
_ დღეს არსებობს ორი პოლიტიკური ცენტრი, რომლებმაც მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობიდან საზოგადოება მასობრივი ისტერიის მდგომარეობაში გადაიყვანეს.
მე არ ველოდები არანაირ რევოლუციას. გასაგებია ხელისუფლების წარმომადგენლები რისთვისაც აკეთებენ ასეთ განცხადებებს. მათ სურთ, რამენაირად, საარჩევნო უბნებზე ცხვრებივით მიყარონ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ქვეყნის სიმშვიდე და სტაბილურობა მნიშვნელოვანია.
„ქართულ ოცნებას“ თავად არ სჯერა, რომ ხელისუფლებაშია. ახლა მიტინგებსაც აანონსებენ, პარადოქსში არიან შესულები, ამ მანკიერი წრიდან ვერ გამოდიან“, _ აღნიშნა ხუხაშვილმა.