დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ. სიტყვას თანამემამულე სამართალდამცველებს მივცემ, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.
იმედია ქართველი „მილიციონერები“ არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.
თავდაპირველად სიტყვას ვიცე-პოლკოვნიკ დემურ ლოლაშვილს მივცემ. ბატონი დემური წლების განმავლობაში საბჭოეთის ყოფილი ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის პირად დაცვაში მსახურობდა. ერთ დღეს ქართველთა „დიდმა მეგობარმა“ უზბეკეთის მონახულება გადაწყვიტა.
„უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვართ. ხრუშჩოვის კორტეჟი საგულდაგულოდ გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალზე მისრიალებს და ჩვენ, მისი დაცვის წევრები მომდევნო მანქანით მივყვებით. უცებ ჩვენი უფროსის, ლიტოვჩენკოს ხმა მოგვესმა. მიკროფონით მოგვმართავდა:
– ბიჭებო, მოემზადეთ. პირველი აღმოსავლური ბაზრის დათვალიერებას აპირებს, როგორც კი ჩვენი მანქანა შეჩერდება, თქვენც მზად იყავით და გამოგვყევით.
და მართლაც, ხრუშჩოვის „ჩაიკა“ ტაშკენტის ბაზრის წინ გაჩერდა. იქიდან ხრუშჩოვი გადმოვიდა და მისთვის ჩვეული ენერგიული ნაბიჯებით შეიჭრა ხალხმრავალ ბაზარში. ჩვენც, რა თქმა უნდა, უკან ავედევნეთ და ყოველ წამს ვიყავით მზად, პირველი (ასე ვეძახდით ხრუშჩოვს) საკუთარი სხეულით დაგვეცვა. ნიკიტა კი უდარდელად მიმოდიოდა დახლებს შორის და გლეხებს ესაუბრებოდა. უცებ ხრუშჩოვი ერთი ტენტიანი, ღია შენობის წინ შეჩერდა, რომლის შუაგულშიც ექვსი უხუცესი მამაკაცი იჯდა და რიგ-რიგობით ჩილიმს ეწეოდნენ.
ნიკიტა მათთან მიიჭრა, მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის დანებებული ჰქონდა თამბაქოს წევისთვის თავი მათ შორის ჩაჯდა და თქვა: მშვიდობის ჩიბუხს მეც სიამოვნებით მოვწევო. რა თქმა უნდა, ნიკიტას ჩილიმი მიაწოდეს. მანაც ორი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ბარბაცით წამოდგა და რის ვაი-ვაგლახით მივიდა „ჩაიკამდე“, შიგნით ჩაჯდა და გულიც აერია… საქმე კი ის იყო, რომ ტაშკენტის ბაზრის შუაგულში მოკალათებული უხუცესები მშვიდობის ჩიბუხის ნაცვლად, მარიხუანას ეწეოდნენ და ხრუშჩოვმაც რომ იგივე გაიმეორა, საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკული მოწამვლა მიიღო“.
ჩვენი მომდევნო სტუმარი პოლკოვნიკი კონსტანტინე რუსაძე იქნება. ბატონი კონსტანტინე ახალგაზრდობაში ჩინებული ფეხბურთელი გახლდათ და ერთი ხანი მოსკოვის „მურის“ გუნდშიც ასპარეზობდა. ერთხელ შორეულ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციური საფეხბურთო-სამოყვარულო გუნდების მსოფლიო პირველობა გაიმართა და ამ შეჯიბრში მონაწილეობა რუსი მილიციელების კლუბმაც მიიღო. მის ღირსებას კიდევ ერთი ქართველიც – ლეიტენანტი გია ცეცაძე იცავდა. „მურის“ ნაკრები ცნობილმა ფეხბურთლებმა ოლეგ ბლოხინმა და ვალერი გაზაევმაც „გააძლიერეს“. რასაკვირველია ტურნირი საბჭოელების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელ-მილიციონერებს ერთი დაუჯერებელი ისტორია შეემთხვათ. ამ ამბავს თავად კონსტანტინე რუსაძე მოგვიყვება.
„რიოს ტურნირი რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობით მოვიგეთ და საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე მე და ცეცაძე რიოს სასტუმრო „კოპაკაბანაში“ შევედით. ის უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, ხუთვარსკვლავიანი სერვისი ჰქონდა. უამრავი ცნობილი ადამიანი იყრიდა იქ თავს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იკრიბებოდნენ. ჯიბეში 500 დოლარი გვედო, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო და უნდა დაგვეხარჯა, რადგან, საბჭოთა კავშირში ვერ წამოვიღებდით.
დავდივართ მე და ცეცაძე ამ დიდებულ კომპლექსში, თან ისე გვიჭირავს თავი, თითქოს აქაურობის ხშირი სტუმრები ვართ. ბოლოს, ღია საცურაო აუზზე შევედით, სადაც საფეხბურთო მინდორიც იყო. ჯერ ვიცურავეთ, თან მაგარი მულატკები გავიცანით, რომლებსაც ფეხბურთელებად გავაცანით თავი. მერე ცარიელ სტადიონზე შევედით და გოგონებთან ერთად ბურთი გავაგორეთ.
შუა გართობაში ვართ და ვხედავთ, თავად პელე და ცნობილი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი მოდიან ვიღაც მაგარ ქალებთან ერთად. ფეხბურთის მეფის დანახვაზე მე და გიამ კინაღამ სიხარულისგან გავაფრინეთ, მაგრამ არ შევიმჩნიეთ და თამაში გავაგრძელეთ. პელე მოვიდა, მოგვესალმა და გვითხრა, შემოგიერთდებითო. ჩვენ უარი არ გვითქვამს და ერთი საათის განმავლობაში მე, გია ცეცაძე, პელე და ჯეკ ნიკოლსონი ოთხ მომხიბვლელ და ტანწერწეტა გოგონას ფეხბურთს ვეთამაშებოდით. ბოლოს პელემ შემოგვთავაზა, მამაკაცებმა ვითამაშოთ, ქალებმა კი გვიგულშემატკივრონო. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ ნაძლევზე თამაში შევთავაზეთ. მოგებული წაგებულს რესტორანში უნდა დაეპატიჟებინა. პელემ დასტური გვითხრა და თვითონ და ჯეკ ნიკოლსონი (კარგად თამაშობდა) მე და გია ცეცაძეს რვა ქულამდე გვეთამაშნენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე და გია ცეცაძემ ჯეკ ნიკოლსონს და ფეხბურთის მეფეს 8:6 მოვუგეთ. არადა პელეს სულ რაღაც 1 წლის წინ ჰქონდა თავი განებებული ფეხბურთისთვის. თუმცა, მშვენიერ ფორმაში იყო. შეთანხმებისამებრ, მე და გია ჩვენი „ნაშებითურთ“ პელემ და ნიკოლსონმა (თავიანთი „ნაშებიანად“) რესტორანში წაგვიყვანეს. სუფრას რომ მივუსხედით და კერძები შევუკვეთეთ, პელე და ნიკოლსონი ვიღაც კაცმა სადღაც წაიყვანა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის კაცი პროდიუსერი იყო, რომელსაც პელე და ნიკოლსონი რაღაც მხატვრულ ფილმში ერთად უნდა გადაეღო. პელემ მოიბოდიშა, გვითხრა, მალე მოვალთო და წავიდა… თუმცა, აღარ დაბრუნებულა. ჩვენ კი ჯერ კარგად ვიქეიფეთ, მერე კი მე და ცეცაძე ორ-ორ „ნაშასთან“ ერთად ნომრებში ავედით და ფანტასტიკური დრო გავატარეთ. თუმცა, პელეს გადასახდელი სუფრის ვალი (450 დოლარი) მე და გიამ გადავიხადეთ და არც გვინანია. ასე რომ, პელე დღემდე ჩემი და გიას მოვალეა…“
დღევანდელ სახალისო მოგონებებს პოდპოლკოვნიკი ტრისტან ყავლაშვილი დაასრულებს. ბატონი ტრისტანი წლების განმავლობაში ლენინგრადში მუშაობდა და 30 წლის ნიჭიერი თანამემამულე მხატვარი-რეციდივისტი მერაბ დოლიძის ერთ გახმაურებულ „ისტორიას“ გაგვაცნობს.
„1977 წელია. ლენინგრადში ვმუშაობ და ამ დროს გაქურდეს ერმიტაჟის ერთ-ერთი დარბაზი, საიდანაც ვან გოგის „მაწანწალას პორტრეტი“ გაიტაცეს. ეს სურათი 23 მილიონ მანეთად იყო შეფასებული და მთელი მილიცია ფეხზე დადგა. სურათის ძებნა დავიწყეთ და ზუსტად ერთი თვის თავზე სამი უცხოელი კოლექციონერი დავაპატიმრეთ, რომლებიც ლენინგრადიდან, მოსკოვიდან და ტალინიდან ცდილობდნენ ამ ცნობილი სურათის ქვეყნის გარეთ გატანას. სასაცილო და კურიოზული კი ის იყო, რომ სამივეს „მაწანწალას პორტრეტი“ ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ორი ყალბი უნდა ყოფილიყო. თუმცა ექსპერტიზა სამივე სურათს ჩაუტარდა და ექსპერტებმა სამივე ორიგინალად ცნეს. ანუ სურათები ისეთ უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, რომ ორიგინალი ვერ დადგინდა. მაგრამ ეს რაა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოხდა.
სამი დღის შემდეგ ლენინგრადში 30 წლის მერაბ დოლიძე დავაპატიმრეთ, რომელსაც „მაწანწალას პორტრეტის“ მეოთხე ეგზემპლარი აღმოაჩნდა და ექსპერტებმა ისიც ორიგინალად სცნეს. როგორც გაირკვა, მერაბი ხელმოცარული მხატვარი და ქურდი ყოფილა. ერმიტაჟიდან სურათი მას მოუპარავს, ასლებიც მას დაუხატავს და უცხოელებისთვისაც მას მიუყიდია. თითოეული 50-50 ათას მანეთად.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნამდვილი „მაწანწალას პორტრეტი“ თავად მერაბ დოლიძეს ჰქონდა სახლში და ორიგინალი ერმიტაჟს დაუბრუნდა, ასლები განადგურდა, ხოლო დოლიძეს კი პირობითი სასჯელი მისცეს და სამუშაოდ ერმიტაჟის რესტავრატორებში გაამწესეს, სადაც მან პროფესორობას მიაღწია…“
დასასრულს ბატონ ტრისტანს სიტყვას კიდევ ერთხელ გადავცემ, რომელიც პლეხანოველ „ცხვირას“ გაგვახსენებს.
„ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ემახსოვრებათ პლეხანოველი კოტე ტუღუში, მეტსახელად „ცხვირა“ – ოთხჯერ ნასამართლევი თაღლითობისთვის და ისეთი ნიჭიერი პიროვნება, რომ პატიოსანი ცხოვრება რომ აერჩია, უეჭველად სახელგანთქმული ადამიანი გახდებოდა.
1969 წელია. ცნობილი თბილისელი „ცეხავიკი“, აბო სეფიაშვილი, მოსკოვში მიფრინავს და „ტუ 104-ის“ სალონში პირველ სავარძელზეა მოკალათებული. იმავე რეისით მიფრინავს მოსკოვში „ცხვირაც“, რომელიც რამდენიმე რიგით უკან იჯდა. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ათიოდე წუთის მერე „ცხვირა“ წამოხტა და თვითმფრინავის სალონში ნერვიული სიარული დაიწყო, თან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რაღაცას გამალებით ეძებდა. ბოლოს ამოიხვნეშა და სტიუარდესას უთხრა:
– ხმელეთზე გადაეცით, რომ მილიციის ოპერჯგუფი დაგვახვედრონ. თვითმფრინავში ათი ათასი მანეთი დავკარგე. ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მომპარა და გაჩხრიკონო.
სტიუარდესა პილოტებისკენ გაემართა, რომ დაზარალებული მგზავრის სიტყვები გადაეცა მეთაურისთვის. შეშფოთებული აბო სეფიაშვილი კი „ცხვირას“ მიუჯდა და უთხრა:
– დაგენაცვლე, გააუქმე შენი მოთხოვნა და ათი ათასს მე მოგცემ. მიდი, უთხარი, რომ ფული ვიპოვე-თქო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ცხვირამ“ აბო სეფიაშვილს 30 ათასი მანეთი გამოართვა და მხოლოდ ამის შემდეგ გააუქმა თავისი მოთხოვნა. სტიუარდესას ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ ფული იპოვა. საქმე კი ის იყო, რომ აბოს მოსკოვში 300 ათასი მანეთი მიჰქონდა და მილიციას ჩხრეკისას მისთვის ეს თანხა რომ აღმოეჩინა, აუცილებლად დიდ უსიამოვნებაში გაეხვეოდა. „ცხვირამ“ კი იცოდა აბოს ფულიანი ვოიაჟის შესახებ და ასეთი სპექტაკლი სწორედ ფულის გამოძალვის მიზნით დადგა…“