„როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას”, _ ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწოდებას მოვალეთა ე.წ. შავი სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
„როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დასაძლევად და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე. ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.
მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მომავალშიც მოაგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერმინისტრი გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.