ეკონომისტი დემურ გიორხელიძე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.
როგორც გიორხელიძე აღნიშნავს, ბანკების მხრიდან შავი სიების შედგენა არაკონსტიტუციური ქმედებაა, რაზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს.
ექსპერტი მთავრობის გადაწყვეტილებას მთლიანობაში დადებითად აფასებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ერთჯერადად პრობლემის მოგვარება საზოგადოებისთვის გამოსავალი ვერ იქნება, რადგან, შესაძლოა, მოსახლეობას ვალები რამდენიმე წელში კვლავ დაუგროვდეს, ამიტომ გიორხელიძე ეკონომიკაში არსებული ძირეული პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
„ხელისუფლების მხრიდან შავი სიის დაშვება არის ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე თვალის დახუჭვა. ბანკებმა „შავი სიების“ შექმნით, ადამიანების სამქმიანობა შეზღუდეს. ხალხმა თუ ვალი ვერ გადაიხადა, ბანკი სასამართლოში უნდა წავიდეს, აღნიშნული კანონით მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს. ბანკების მხრიდან “შავი სიების” შედგენა სრული მარაზმია.
რაც შეეხება ვალების განულებას, თუ რეგულაცია ნორმალური და ცივილიზებული არ გახდა, ორი წლის შემდეგ 600 ათას ადამიანს ვალები კვლავ დაუგროვდებათ.
მთავრობის ინიციატივა მთლიანობაში საზოგადოებისთვის ცუდი არ არის. ბიუჯეტიდან რომ ხდებოდეს ვალის გასტუმრება, რა თქმა უნდა, დაუშვებელი იქნებოდა.
ბუნებრივია, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კავშირი აქვს არჩევნებთან. წმინდა საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რამდენად სწორი საქციელია, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ“,_ აღნიშნა გიორხელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.