გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.
„2018 წლის 20 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.
მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თემის დაუყონებლივი გამოძიება მოითხოვეს.