“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ. ა
„ჩვენ მტკიცებულებები, როგორც ასეთი, რომ გვქონოდა, პირდაპირ გადავცემდით პროკურატურას. ჩვენ ვსაუბრობთ სავარაუდო გაყალბების ფაქტზე და არა მტკიცებით ფორმატში, რომ ეს იყო მომხდარი და შემდგარი ფაქტი, ვინიადან რეალურად ჩვენი ინფორმაცია ეფუძნება იმ წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობებს, რომელიც მუშაობს ამ კონკრეტულ უწყებაში, სერვისების განვითარების სააგენტოში. ჩვენთვის არის სანდო ადამიანი.
ის გავშალეთ ეს თემა ასე დეტალურად, რაც ვიცოდით, ყველაფერი ვთქვით, მაგიტომ დავასახელეთ სახელი და გვარი, რათა დაიწყოს საქმის გამოძიება და დადგინდეს, აქვს თუ არა ადგილი მსგავსი ტიპის ქმედებებს სერვისების განვითარების სააგენტოში და მათ ტერიტოიულ ერთეულებში. სხვა მტკიცებულებები სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.
მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თემის დაუყონებლივი გამოძიება მოითხოვეს.