“ჩოხატაურის რომ ხელისუფლება არ ჰყავს გავიგეთ, მაგრამ არც ქვეყანას ჰყავს პატრონი?!
დაგვეხმარეთ, გააგებინეთ ვინმეს, რომ რამდენიმე საათია მაღალმთიან სოფელში ვართ ჩაკეტილები და ჩვენს ამბავს არავინ კითხულობს”, _ ამ ტექსტით “გურია ნიუსს” სოფელ ჩხაკაურაში მყოფი ის ადამიანები დაუკავშირდნენ, რომლებიც რამდენიმე საათია გარესამყაროს არინა მოწყვეტილები.
მათი ინფორმაციით, დილით, გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გასაწმენდად თავი არავის შეუწუხებია და ამ დრომდე სოფელში ტექნიკა არ ასულა.
“რამდენიმე საათის წინ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე წავიკითხეთ ჩოხატაურის მერის კომენტარი, რომ ტექნიკა უკვე ადგილზე იყო და გზა მალე გაიწმინდებოდა. ეს მალე არ ვიცით როდის იქნება, რადგან ამ დრომდე სოფელში ტექნიკა არ გამოჩენილა.
ჩხაკაურა და ქვაბღის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი და ეს არავის ადარდებს“, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ჩხაკაურელები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, მაშინ, როცა “გურია ნიუსს” გზის გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას დაეყრდნო:
_ ეს გზა, სადაც მეწყერია ჩამოწოლილი სახელწიფო მნიშვნელობისაა და მის მოვლაპატრონობაზ ეპასუხიმგებელი შპს “გზამშენი 18”-ია. როცა თქვენ გესაუბრეთ, დავეყრდენი კომპანიის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ “გზამშენს” ტექნიკა დაუზიანდა და სწორედ ამან გამოიწვია შეფერხება, _ გვითხრა კუჭავამ, რომლის თქმით, ის ახლა პირადად იმყოფება ადგილზე.
შპს “გზამშენი 18”-ის ხელმძღვანელის თემურ ჯახვას ინფორმაციით,გზის გასაწმენდად ორი ერთეული ტექნიკაა წასულია:
_ ორი ერთეული ტექნიკაა წასული. დაახლოებით საათნახევარში გზა გაიწმინდება, _ გვითხრა თემურ ჯახვამ.