“გურია ნიუსს“ “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა.
_ ბატონო ლევან, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნა კვლევა, როლის მიხედვით, მეორე ტურამდე, სამი კვირის განმავლობაში ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარის _ 40; სავარაუდო მოსყიდვის – 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კი_14 შემთხვევა დაფიქსირდა.
“ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში თქვა, რომ ხელს მოაჭრის იმ ადამიანს, რომელიც არჩევნების გაყალბებას გაბედავს. მოცემული დარღვევების ფონზე, როგორ აფასებთ ივანიშვილის განცხადებას?
_ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაწყენია ქართველ ხალხზე, მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს, გაყალბებითა და ამომრჩევლის დაშინებით, როგორ გაამარჯვებინოს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში. მისთვის საპრეზიდენტო არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა. სიტუაცია კიდევ უფრო კომიკური გახდა მას შემდეგ, რაც ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის სახელითა და გვარით ბიძინა ივანიშვილის სურათები გამოჩნდა. მსოფლიოში ასეთი კომიკური და სასაცილო არაფერი მომხდარა.
ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა სამართლიანად უთხრა, რომ არ აპირებს მისი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის არჩევას. “ქართული ოცნება“ ახლა პანიკაშია და მოსყიდულ ჟურნალისტებთან ერთად ცდილობს თავის წარმოჩენას, რაც მის უსუსურობაზე მეტყველებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს დამადასტურებელი საბუთები, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ყალბი დოკუმენტები იბეჭდება. როგორ გგონიათ, პროკურატურა _ ამ ხელისუფლების ერთი ხელი, ხელისუფლებას მეორე ხელს მოაჭრის?! ბიძინა ივანიშვილი დაგვემუქრა, ვინც გააყალბებს ხელს მოვაჭრიო. თვითონ აყალბებს და მოიჭრას ხელი. საზოგადოება ვერ მოტყუვდება.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მმართველმა პარტიამ უპრეცედენტო ინიციატივა გაახმოვანა, რომლის მიხედვით ე. წ. “შავ სიაში“ მოხვედრილ 600 ათასზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. როგორც პარტიის ლიდერმა ივანიშვილმა განაცხადა, ამ პრობლემაზე გაზაფხულიდან საუბრობენ, თუმცა, საინტერესოა, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რატომ გაახსენდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე?
_ ეს არის ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვა და კანონის დარღვევა, რასაც ყველა ხვდება. გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს რამეს გადაუხდის?! ეს ისევ ჩვენი დასადები ფული იქნება. არ მგონია, სწორი იყოს ვალის გადაუხდელობის ასეთი ფორმით წახალისება. ვალი საქართველოში ყველას გვაქვს, ბიძინა ივანიშვილის გარდა. ივანიშვილმა რომ თქვა, ევროპას გავაკვირვებთო, რით გააკვირვა ევროპა?! ხმებს აღებ-მიცემობით ხომ ყიდულობს? ივანიშვილი ადამიანია, რომელმაც ბევრი ფული იშოვა. თუკი ოდესმე კიდევ ავირჩევთ ასეთ ოლიგარქს და მდიდარ ადამიანს, უარესი მოგვივა.
_ პოლიტოლოგთა ნაწილი ფიქრობს, რომ სოციალური პროგრამები, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას რამდენიმე დღით ადრე შესთავაზა, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს ხმებს შემატებს. ამ ფონზე, რამდენად მაღალია “ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსი? და რას ფიქრობთ სამოქალაქო ომზე, რომელიც მმართველი პარტიის აზრით, ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს?
_ ეს არის შიშის გამოხატულება. როდის გინახავთ გამარჯვებული მხარე იწყებდეს სამოქალაქო ომს?! ეს რომელიმე ლოგიკაში ჯდება?! ამ გაუნათლებელი “ქართული ოცნების“ ტვინში რა იხარშება, არ ვიცი.
სამოქალაქო ომი საქართველოში მოსალოდნელი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ვაშაძე გაიმარჯვებს. გითხრათ, როდის მოხდება სამოქალაქო ომი?! როდესაც სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს რეალურად წააგებს და მმართველი პარტია იტყვის, მოვიგეთო. ამ შემთხვევაში, შეიძლება დაიწყოს საზოგადოების სერიოზული პროტესტი.
ახლა რასაც ვუყურებ, სამოქალაქო ომისკენ, დაპირისპირებისკენ და აქციებისკენ ხალხს ხელისუფლება მოუწოდებს. ვაშაძე არ ატარებს ფართომასშტაბიან მიტინგებს. ხელისუფლება და მასთან მიტმასნილი “ლეიბორისტები“ და ირმა ინაშვილი, რომელიც ირკვევა, რომ ხელისუფლებასთან ძალიან კარგად არის, ატარებენ მიტინგებს. “ქართული ოცნება“ დღეს იმ ადამიანების იმედად არის დარჩენილი, რომლებიც მილიონ პარტიაში იყვნენ, რომლებმაც უღალატეს ირაკლი ალასანიასა და საკუთარ ღირსებას.
დღეს თუ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, გრიგოლ ვაშაძე ობიექტურად გაიმარჯვებს.
_ უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა პროკურატურამ დაადასტურა, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანი საქართველოში რადიკალიზაციის მოხდენაა. რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური ძალა მასობრივი არეულობის მოწყობისთვის არ დაიწყებს მზადებას?
_ სააკაშვილმა ასე თქვა, რომ მოვიგებთ, მერე დავიწყობთ აქციებსო?! ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი საქართველოში გაყალბდება არჩევნები, ხელისუფლებას არ შერჩებაო. არავის შერჩენია არჩევნების გაყალბება და არც ამ ხელისუფლებას შერჩება. თუ გაყალბების გარეშე მოიგებს სალომე ზურაბიშვილი, მივულოცავთ. ვიტყვით, რომ ეს ყოფილა ჩვენი ბედი,თქო და ყველაფერი ასე დამთავრდება.
პროკურატურამ რომ თქვა, ჩანაწერი ნამდვილიაო, ფარცხალაძეზე რა დაადგინა ?! რატომ არის პროკურატურა უმოქმედო მაშინ, როცა საქმე ბიძინა ივანიშვილს ეხება?!
_ “რესპუბლიკური პარტიის“ მიერ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის გაფორმება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მოულოდნელი იყო. გაქვთ გეგმა, რომლის გახორციელებას სამომავლოდ ერთობლივად აპირებთ?
_ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ არც ერთ მოძრაობასთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას, რაც სხვადასხვა რამეა. სამომავლოდ ვითანამშრომლებთ თუ არა რომელიმე მოძრაობასთან, ამაზე პარტიას ჯერ არ უფიქრია. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ოპოზიციონერ კანდიდატს, რაც არ იყო იოლი, მაგრამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ხშირ შემთხვევაში, როცა ჩვენ “რესპუბლიკელები“ ვინმეს მხარს ვუჭერთ, ის იმარჯვებს ხოლმე.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, დავინახეთ, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მმართველ პარტიას აღარ ენდობა. როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნება“ რატომ ვერ ჩამოყალიბდა ძალად, რომელიც ქვეყანაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეძლებდა?
_ ხელისუფლებას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი, მას ჰყავს ძალიან დაბალი დონის მრჩევლები. დღეს მმართველი პარტია, უბრალოდ, არ არსებობს. “ოცნებაში“ არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც ერთმანეთთან იდეური და ადამიანური კავშირები არ აქვთ.
მმართველ ძალას ჰყავს მაჟორიტარები, ადგილობრივი მეფეები, რომლებსაც საქართველო და ბიძინა ივანიშვილიც ფეხებზე ჰკიდიათ. თავისი ჯიპის გარდა, აბსოლუტურად არაფერი აინტერესებთ, ეს ყველა მაჟორიტარს ეხება სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით. მე სალომე ზურაბიშვილის უბანში ვცხოვრობ და მაჟორიტარ დეპუტატს ხალხისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია.
“ქართული ოცნება“ დაიშლება, როგორც კი არჩევნებს წააგებენ. ასე დაიშალა შევარდნაძისა და აბაშიძის პარტია; მიხელ სააკაშვილმა კი მოახერხა და პარტია ააშენა.