სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გუშინ გამოჭერილი იქნა ტყუილში.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ტყუილი ვერ დადასტურდა და ასევე, ვერ გამოვა ამ პრობლემის „ჩაფარცხვის მცდელობა“, რადგან ტყუილი აშკარა და ნათელი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის.
„ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი თქმით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ დაასახელა წყარო, რადგან რეალურად წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, იტყუება.
„რეალურად ეს არის ტყუილი. წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი, რაკი არასამთავრობოებისგან გაჟღერდებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ტყუილი, რომელიც საარჩევნო სიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული, აზიანებს ქვეყანას.
1tv.ge