ერთხელ სოსო ჯაჭვლიანსა და დოდო აბაშიძეს სასტუმროში ერთად ცხოვრება მოუწიათ. ქართველებს თავს ერთი „უჩვეულო“ თავგადასავალი გადახდათ, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი ხშირად იგონებს.
„დოდო აბაშიძე უვაჟკაცესი ადამიანი იყო. ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა და ექიმები სმას უკრძალავდნენ. თან, იმ პერიოდში, „მშრალი კანონი“ შემოიღეს და ჩერნობილის ტრაგედიაც ახალი მომხდარი იყო.
მე და დოდოს ერთად მოგვიწია სასტუმროში მეფურად ცხოვრება. არადა, ვინც კი მოდიოდა დოდოსთან, ყველას ღვინო მოჰქონდა ბოთლში ჩამოსხმული. მაშინ პატარა ბოთლებში ისხმებოდა და ასეთი ღვინოები სუვენირებად გაჰქონდათ უცხოეთში. მკაცრად გამაფრთხილეს, არ დაალევინოო. მოკლედ, გაივსო სასტუმროს ნომერი ღვინის ბოთლებით ამ „სუხოი ზაკონის“ დროს.
ერთ დღესაც, დოდოს სულმა სძლია, თქვა, რაღა ღვინოს მოვუკლივარ და რაღა წნევასო, გახსნა ერთი ბოთლი და მოიყუდა, კარგად წავიდა. მეორეც გახსნა და დაცალა. მეც გამოვცალე რამდენიმე ბოთლი. ავდექით და ამ ცარიელ ბოთლებში ჩავასხით კოკა-კოლა, ჩავედით სასტუმროს ფოიეში, დავდგით მაგიდაზე, ჩამოვასხამდით და ნელ-ნელა ვსვამდით. გავიხედეთ, კარი გაიღო და შემოვიდა ვიღაც ორმეტრიანი, მთვრალი რუსი. ატეხა გინება, ყვირილი. მივაქციეთ ყურადღება. ადმინისტრატორმა შეუბღვირა, თუ არ გაჩერდები, ახლავე გამოვიძახებ მილიციას და შენს თავს დავაჭერინებო. მივუბრუნდი ადმინისტრატორს და ვუთხარი: ამას ვერ დაიჭერთ, ეს საბჭოთა კავშირის გმირია, ავღანეთში ნაბრძოლი კაცი-მეთქი. ის უცნობი გაჩერდა, მოგვიახლოვდა, შეხედა, მაგიდაზე ღვინის ბოთლები დგას. „გაუსწორდა“, იფიქრა, აქაც დავამატებ სასმელსო. ჩამოგვართვა ხელი, გაგვეცნო და აღმოჩნდა, რომ ჩერნობილის აფეთქების დროს ეს იქ იმყოფებოდა, პირველ სამაშველო რაზმში ყოფილა, დასხივება მიუღია და დღეს თუ ხვალ შეიძლება, იქ მიღებული დასხივების გამო, დაიღუპოს. ამიტომ, მას ამ „სუხოი“ კანონის დროსაც კი დალევის უფლება ჰქონდა. დოდოს უთხრა, ახლა მკლავი უნდა გადაგიწიო, შეგეჯიბროო. დოდომ უთხრა, აი ეს ჩემი ბიჭია და თუ გადაუწევ, რასაც გინდა, იმას მოგცემო. ჩააცივდა, გინდა თუ არა, შენ უნდა შემეჯიბრო, ეს არ მინდაო.
გაბრაზდა დოდო, კარგი, შევეჯიბროთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ათჯერ გადაუწია დოდომ მკლავი. გაგიჟდა ის რუსი. ბოლოს ვუთხარით, კარგი დამშვიდდი, მოდი, ჭიქა აიღე და დაგვლოცეო. თვალები გაუფართოვდა, დიდი „რეჩი“ დაარტყა და რომ მოსვა კოკა-კოლა… აბა იქ წავიდა სართულებიანი გინება… თქვენი ასე, თქვენი ისე… ჯერ მკლავის გადაწევაში მაჯობეთ, მერე ღვინის მაგივრად რაღაც საზიზღრობა დამალევინეთ… მე თქვენ ხალხი მეგონეთ… თქვენი დედა, თქვენი მამაო…“