შინაგან საქმეთა სამინისტროში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გამართა.
მეზვრიშვილის განცხადებით, შსს ხვალ ყველა კანონდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდნეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სრულად არის მობილიზებული მთელი ქვეყნის მასშტაბით;
პოლიცია მზად არის ისევე წარმატებით დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, როგორც პირველი ტურის დროს;
მიუხედავად პოლიტიკურად აქტიური წინასაარჩევნო პროცესისა, პოლიციის მუშაობის შედეგად, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, დანაშაულის ფაქტები იქნა ეფექტიანად აღკვეთილი და თავიდან აცილებული, რისთვისაც გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს;
პოლიცია დაუყოვნებლივ ახდენდა რეაგირებას დანაშაულის ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები;
სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, არ დადასტურდა. ამასთან, პოლიტიკური მოტივი გამოიკვეთა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დადგა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებში. უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, სადაც მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;
ხვალ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებულნი. ასევე, დღის განმავლობაში საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
აქვე მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას;
არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დავიცავთ კანონს. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ მიდგომა იქნება თანაბრად მკაცრი;
პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში;
გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.