გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურში საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა 100-100 ლარი დაურიგეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარეებმა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უთხრეს, თანხები “ქართული ოცნების” კოორდინატორებისგან კვებისთვის მიიღეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 4 მათგანზე “სამართლიან არჩევნებს” შესაბამისი მტკიცებულებები მოეპოვება.
“კომისიის თავმჯდომარეებისთვის პარტიის წარმომადგენელთა მიერ ფულის გადაცემა, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ეს, აკრძალულია და წარმოადგენს უკანონო ქმედებას, კერძოდ, მოსყიდვას.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ყველა პირს, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ მსგავსი ქმედებები, გაუფრთხილდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საარჩევნო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეებს“, _ აღნიშნულია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ერთ_ერთ კომისიის თავმჯდომარესთან ჩაწერილი საუბარი ორგანიზაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა.