დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 20 საათზე დაიხურება.
დიდუბის ოლქის 44-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად უკვე მივიდა საქართველის პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხმა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ მისცა და ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად მისვლისკენ მოუწოდა.
„გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო იაქტიურონ, მოვიდნენ უბნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის“,_განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 2 კანდიდატი მონაწილეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს.