დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, საკუთარი არჩევანი პეტრიაშვილის 27-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოება და ქვეყანა არჩევნების მეორე ტურიდან ცვლილებებს ელოდება და ხმა სწორედ ცვლილებებს მისცა.
„ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლავთ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს“_განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, გაყალბების საუკეთესო წამალი ადამიანების არჩევნებზე მისვლაა და თუ ამომრჩევლები იაქტიურებენ ხელისუფლება გაყალბებას ვერ მოახერხებს.