საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში გვიან ღამით ორი პირის, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.