ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები ანგელინა ტუღუში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, ყველაზე მეტად წამლების ყიდვა უჭირს.
“წლების მიყოლებით ოთხი ვაჟკაცი ჩავდე მიწაში _ ქმარი, ორი შვილი და შვილიშვილი. საშინელი ცხოვრება მქონდა, მაგრამ კი მიდგას სული. ოთხი ოპერაცია გავიკეთე გულზე და ახლა კიდევ ერთ ოპერაციას ვიკეთებ, მაგრამ ბათუმში წასასვლელი ფული არ მაქვს. წამლები ძვირია და არადა, ყოველდღიურად რომ არ დავლიო, არ შეიძლება”, _ ამბობს “გურია ნიუსთან საუბრისას ანგელინა ტუღუში.
“სახლი კი მაქვს, მაგრამ რად გინდა _ მეორე სართულზე სახურავიდან წყალი ჩამოდის და არავინაა, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება. სახლში ამ წუთას რძალი და შვილიშვილი მყავს _ მარტო არ მტოვებენ, რადგან ყოველდღე ცუდად ვხვდები. დღეში 8 ლარის წამალი მჭირდება. ხომ შეიძლება, წამლების ფასი ცოტათი დაწიონ?! შიმშილით კი არ ვკვდები, მაგრამ წამლების ფულს ვერ ავუდივარ.
ძალიან მინდა ბიძინა ივანიშვილის ნახვა და მასთან საუბარი, მაგრამ სად შევხვდებით ახლა ჩვენ ერთმანეთს? ვეტყვი, რა დღეშია ხალხი და ვთხოვ, მოსახლეობისკენ გამოიხედოს”, _ გვითხრა ქალბატონმა ანგელინამ.
“შვილიშვილი რომ მოუკვდა, მეზობლები დავეხმარეთ და ისე დავკრძალეთ. ეს არის ცხოვრება?! არ შეიძლება, უფრო მეტად დაინტერესდნენ ადამიანების ყოფნით და ბედით?! 50 წელია, რაც ეს სახლია გაკეთებული და ამით ხომ არ შეიძლება განისაზღვროს ყველაფერი?!” _ თქვა ანგელინა ტუღუშის ერთ-ერთმა მეზობელმა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრში გვითხრეს, ოჯახი არ სარგებლობს საარსებო შემწეობით, რადგან იქ ფიქსირდება ორი შრომისუნარიანი წევრი, რომლებსაც ბაზაში აქვთ და ჰქონდათ შემოსავლები ხელფასის სახით. დღეის მდგომარეობით, ოჯახს შეუძლია მოგვმართოს და ხელახლა შეფასდება მათი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და მიენიჭება ახალი სარეიტინგო ქულა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის ყოფილმა უფროსმა თამარ დუმბაძემ (ჩანაწერი გაკეთებულია 30 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში, რა დროსაც ქალბატონი თამარი არ იყო სამსახურიდან გათავისუფლებული. რედ.) თქვა, რომ ქალბატონ ანგელინა ტუღუშს არ მიუმართავს მათთვის დახმარების თხოვნით.
“მას შეუძლია წერილობით მოგვმართოს, რის შემდეგაც დავეხმარებით”, _ გვითხრა თამარ დუმბაძემ.