„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ.
ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
„დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _ აღნიშნა ცისკარიშვილმა.