თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია ოფიციალურად 15:00 საათზე დაიწყება, ერეკლე მეორის სასახლეში კი სტუმრებს 13:00 საათიდან ელოდებიან. ინაუგურაციის ცერემონია 40 წუთი გაგრძელდება.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007- 2012 წწ) ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.
ინაუგურაციის სცენარის თანახმად, 15:00 საათზე ჯარი მზადყოფნაში იქნება, გამოვლენ საჯარისო ქვედანაყოფების მედროშეები, შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გაიმართება ფიცის დადება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბიბლიაზე დადებს კონსტიტუციას, პრეზიდენტი ფიცს დადებს ბიბლიასა და კონსტიტუციაზე.
ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
ინაუგურაციის ცერემონიის პროცესში აუცილებელი ატრიბუტებია საქართველოს ჰიმნი, დროშა და ქვემეხებიდან გასროლა. ცერემონიის მუსიკალურ გაფორმებაზე თავდაცვის ძალების სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი იზრუნებს. ქართული პოლიფონიის საუკეთესო შემსრულებლებისგან გაერთიანებული ანსამბლები შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს და სხვა ნაწარმოებებს.
საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს ჩააბარებენ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტია.