გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საპროტესტო აქციებს აანონსებს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქციები ხვალიდან დაიწყება და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არც ერთი დღე არ შეწყდება:
„კატეგორიულად მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს.
მოვითხოვთ ყველა იმის დასჯას, ვინც კომისიაში ბღუჯა-ბღუჯა ყარა ბიულეტინები საარჩევნო ყუთებში.
კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი.
კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას ვინც, გუშინ მშვიდობიან მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხნენ.
კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომდა პოლიციელების დასჯას, რომელთაც ეს სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ ჩაბარებული.
ხვალიდან ვიწყებთ უკვე აქციებს. აქციები არ შეწყდება არცერთი დღე“, _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.