„შესაძლოა, ქვეყანაში ეკონომიკურად კარგი მდგომარეობა გვქონდეს, მაგრამ ეკონომიკური სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ ადამიანებს შორის უთანასწორობის დიდი ხარისხი დაფიქსირდეს, ასეთი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. სწორედ, ამ სისტემამ მიიყვანა ხალხი სიღარიბემდე, ხელისუფლებასთან ასოცირებული ვიწრო ჯგუფი კი საკუთარ თავს შესანიშნავად გრძნობს“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ.
მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომელშიც გიორგი ქობულია, ამბობს, რომ გაჭირვება, ფაქტობრივად, ადამიანების წარმოსახვის ნაწილია, მკრეხელობას ჰგავს.
„ეკონომიკის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ადამიანებს არ უჭირთ, მკრეხელობად მიმაჩნია. მან არასწორი აქცენტები გააკეთა. ეკონომიკური სისტემის მხრივ, საქართველო ძალიან უსამართლო ქვეყანაა. ვფიქრობ, მინისტრი ამ საკითხის შეფასებისას, უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო“, _ თქვა გიორხელიძემ.
კითხვაზე _ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დადებითი ეკონომიკური ტენდენციები თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახოს ?_ გიორხელიძე გვპასუხობს, რომ აღნიშნული ეკონომიკური სისტემის შეცვლით არის შესაძლებელი.
„ეკონომიკა როგორ კარგადაც არ უნდა ვითარდებოდეს და ბიუჯეტში ფული როგორ კარგადაც არ უნდა შედიოდეს, თუ ადამიანებს შრომის საშუალება არ აქვთ, კეთილდღეობას ვერ მიიღებენ. შეუძლებელია ვიღაცის კარგად ყოფნის ხარჯზე, ამ მახინჯ ეკონომიკურ სისტემაში ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. მერე რა, რომ ქვეყანაში ბევრი ტურისტი შემოდის?! საქართველოში სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. 100 ათასობით სამუშაო ადგილია შესაქმნელი, რომლის გახორციელებას სხვაგვარი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სჭირდება. არასწორია ადამიანს დაჰპირდე დაგველოდეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მალე კარგად იქნებითო. ასეთი მიდგომა კომუნისტებს ახასიათებდათ. ადამიანი თავად უნდა შრომობდეს და საკუთარი შრომის შესაბამის ანაზღაურებას უნდა იღებდეს“, _ აღნიშნა გიორხელიძემ.