კარლო გოგოძე იგონებდა:
“ნატო ვაჩნაძის საიუბილეო დღეები იყო. მე მოვამზადე პატარა მონოგრაფია. საიუბილეო საღამოზე ლევან ასათიანი მოვიდა და გულწრფელად მითხრა, მადლობელი ვარ ასეთი დიდი წიგნისთვისო.
მეორე დღეს კინოსტუდიაში ფანჯარასთან მდგარმა ნატო ვაჩნაძემ მომმართა: “კარლო, კარლო, მოდი! გახსოვდეს, დღეს ჩემთან მოდი სახლში, უარი არ გამაგონო”.
როდესაც მის სახლში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა. მე მოწიწებით მივეახლე და მივულოცე ჩემი წიგნით, სადაც მივაწერე: “ჩემს საყვარელ ნატოს, სხვა არაფერი მისართმევი არ მაქვს!”. მე ვიმეორებ ნატო ვაჩნაძის სიტყვებს: “ამაზე უკეთესს არაფერს ვისურვებდი ამჟამად” – და ლოყაზე მაკოცა.
სერგო ზაქარიაძემ ხელი მომკიდა და მითხრა – ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანოო.